სმოკი აის მაკიაჟი
კლასიკური სმოკი აი სამ ტონზე დგას: ღია, საშუალო და მუქი. ღია ტონი ქუთუთოს ღიად ტოვებს, საშუალო გადასვლას ქმნის, მუქი კი წამწამის ხაზთან იკრიბება. სწორედ ეს სამსაფეხურიანი გადასვლა და არა ფერი ხდის სმოკი აის სმოკი აიდ.
მუდრუმის დამფუძნებელი — ვიზაჟისტი და მაკიაჟის პედაგოგი ·
სამი ტონის წესი
ერთი მუქი ჩრდილი, თუნდაც კარგად შერწყმული, სმოკი აის არ იძლევა — ის ლაქად რჩება. სმოკი აი ეფექტს ქმნის იმით, რომ ჩრდილი თანდათან ღიავდება ქუთუთოს ზედა ნაწილისკენ.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მუქი ტონი მხოლოდ წამწამის ხაზთან და გარე კუთხეშია, საშუალო ივსებს მოძრავ ქუთუთოს, ხოლო ღია ტონი წარბქვეშა არეს ანათებს. სამივეს შორის ხილული საზღვარი არ უნდა იყოს.
სმოკი აი შავი არ არის
ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა ისაა, რომ სმოკი აი აუცილებლად შავია. სინამდვილეში ტექნიკა ფერისგან დამოუკიდებელია — მნიშვნელოვანია მხოლოდ სამი ტონის თანდათანობითი გადასვლა.
ყავისფერი სმოკი აი დღის განათებაზე ბევრად უკეთ მუშაობს. ტერაკოტისა და ბრინჯაოს ტონები კი განსაკუთრებით უხდება მუქ თვალებს, რაც საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფერია.
ფორმა თვალის ტიპზეა დამოკიდებული
იგივე სმოკი აი ორ სხვადასხვა თვალზე სხვადასხვა შედეგს იძლევა, და ეს ფორმის და არა ფერის საკითხია.
- მრგვალი თვალი — ჩრდილი გარე კუთხეში, რომ ჰორიზონტალურად გაიწელოს
- დაგრძელებული თვალი — ჩრდილი ცენტრში, რომ მრგვლდებოდეს
- დამფარავი ქუთუთო — გადასვლა ბუნებრივ ნაკეცზე მაღლა უნდა იყოს, თორემ თვალის გახელისას ქრება
- ჩაცვენილი თვალი — ღია ტონი ცენტრში, მუქი მინიმალურად
რატომ ცურავს სმოკი აი
სმოკი აი ის ტექნიკაა, რომელიც ყველაზე ხშირად ცურავს — და მიზეზი თითქმის ყოველთვის ბაზაა და არა ჩრდილი.
ქუთუთოს კანი წვრილია და ის ბუნებრივად გამოყოფს ცხიმს. თუ ჩრდილი პირდაპირ კანზე ედება, ის ნაკეცში იკრიბება ორ საათში. ამიტომ ქუთუთოზე ჯერ ბაზა ედება და მხოლოდ შემდეგ ჩრდილი.
როდის ვირჩევთ სმოკი აის
სმოკი აი საღამოს ტექნიკაა და ის ხელოვნურ განათებაზეა გათვლილი. დღის სინათლეზე იგივე ინტენსივობა ხშირად ზედმეტად აღიქმება.
თუ დღის ღონისძიებაა და სმოკი აი მაინც გინდა, ვმუშაობთ იმავე ტექნიკით, ოღონდ ორი ტონით ღიად. ფორმა და გადასვლა რჩება, ინტენსივობა იცვლება.
ხშირად დასმული კითხვები
- სმოკი აი მხოლოდ შავი ჩრდილით კეთდება?
- არა. სმოკი აი ტექნიკაა და არა ფერი — მას განსაზღვრავს სამი ტონის რბილი გადასვლა. ყავისფერი და ბრინჯაოს სმოკი აი დღის განათებაზე უფრო ბუნებრივია.
- დამფარავ ქუთუთოზე გამოვა?
- დიახ, ოღონდ გადასვლა ბუნებრივ ნაკეცზე მაღლა უნდა დაიდოს. თუ ის ნაკეცში დევს, თვალის გახელისას ჩრდილი მთლიანად იმალება და მთელი შრომა უჩინარდება.
- რატომ იკრიბება ჩრდილი ნაკეცში?
- თითქმის ყოველთვის იმიტომ, რომ ქუთუთოზე ბაზა არ დადებულა. ქუთუთოს კანი ცხიმს გამოყოფს და ჩრდილი მასზე პირდაპირ ვერ ჩერდება ორ საათზე მეტ ხანს.
- ფოტოზე როგორ გამოიყურება?
- ფლეშთან სმოკი აი ცოცხალზე ღიად ჩანს, რადგან ვსპიშკა ჩრდილს ავსებს. თუ ფოტოგრაფი გეყოლება, გვითხარი — ინტენსივობას ამის გათვალისწინებით ვირჩევთ.